ქვეყნის #მოვლა მობილური ინტერნეტით

7

აპრილი

ადამიანები ზანზიბარიდან-ელენე ჩხეიძე

სოფელი მატეუ. ადგილობრივ მოსახლეობასთან გადაღებული საერთო ფოტო.
 

„ჯამბო“ სუაჰილიზე გამარჯობას ნიშნავს და ამ სიტყვას აღმოსავლეთ აფრიკაში მოგზაურობისას ხშირად გაიგებთ. ორ კვირაზე მეტია აფრიკაში ვმოგზაურობ და ძალიან ბევრი ვისწავლე ადგილობრივებისგან.

ზანზიბარი ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ნახევრადავტონომიური ნაწილია და 99% მუსულმანი ცხოვრობს. საუკუნეების მანძილზე რელიგია ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი გახდა და ჩამოაყალიბა ადგილობრივი ტრადიციები და კულტურა.

ტურიზმს ეკონომიკის განვითარებაში ყველაზე მნიშნელოვანი ადგილი უკავია. ადგილობრივები ამას ნელ-ნელა აანალიზებენ და ადრე თუ თეთრკანიანებს გაურბოდნენ და არ ელაპარაკებოდნენ, ახლა მეგობრად აღიქვავენ.

სოფელი მატეუ. ქალი რეცხავს სარეცხს სოფლის საერთო ონკანთან.
 

„თეთრკანიანი პრიორიტეტია. მაგალითად რესტორანი თუ სავსეა, ადგილობრივი ყოველთვის უთმობს ადგილს ტურისტს“ - ამბობს ჩვენი სასტუმროს მენეჯერი აბრაჰამი, რომელიც ტანზანიელია. ამ დროს ჩემს სახეზე ატყობს გაკვირვებას და მამშვიდებს, რომ ეს ნორმალურია და არაფერი აქ განსაკუთრებული არაა, „თეთრები ხომ ფულის შემომტანები არიან ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ კი ასეთი საქციელით პატივისცემას გამოვხატავთ“. მე ხმას აღარ ვიღებ. თეთრკანიანი აქ ყველას მდიდარი გონია, არ სჯერათ რომ შეიძლება სულაც არ გქონდეს დიდი შემოსავალი.

იმ სასტუმროში სადაც „მოვლას“ ჯგუფი დავსახლდით 15 ადამიანი მუშაობს. მათი უმეტესობა წარმოშობით ტანზანიელი ან კენიელია და სასტუმროს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. თანამშრომლებს ხელფასს არ უხდიან, საჭმელი და საცხოვრებელი აქვთ უფასო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს მიუღებელია და თანამშრომლებთან დალაპარაკება გადავწყვიტე. ერთ-ერთი მათგანი მეუბნება „აქამდე ქუჩაში ვცხოვობდი, ღამე მშიერი ვიძინებდი და მომავლის იმედი არ მქონდა, ეხლა ეს პრობლემა აღარ მაწუხებს და ღმერთის მხოლოდ მადლობელი ვარ“. აქ ვხვდები, რომ ჩვენი შეხედულებები განსხვავებულია, ვცდილობ ავუხსნა, რომ მას შეუძლია შესრულებულ სამუშაოში ხელფასი მოითხოვოს, მაგრამ ის სიცილს იწყებს და მიდის.

საშუალო შემოსავალი 1 ან 2 დოლარია დღეში. კერძო სკოლა კი 700 დოლარი ღირს. საჯარო სკოლები უფასოა, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ განათლების დონე ძალიან განსხვავდება კერძოსა და საჯარო სკოლას შორის. გამოდის, რომ კარგ განათლებას მხოლოდ მდიდრები იღებენ. ამიტომ ქვეყანა ნელა ვითარდება.



სოფელი მატეუ.  ხუთ შვილიანი ოჯახი. სახლი სადაც მხოლოდ ბეტონის კედლებია.
 

აბრაჰამი ამბობს: „ჩემი შემოსავლის მხოლოდ მესამედი რჩება ჩემს ოჯახს, დანარჩენს ნათესავებს ვუნაწილებ. ეს ჩვენი ტრადიციის ნაწილია, ვინც მუშაობს ის არჩენს ნათესავებს“. აქაური ტრადიციების მიხედვით კაცი ოჯახში შემომტანია და ის არის პასუხისმგებელი ოჯახი გამოკვებოს. მაგრამ სამუშაო ცოტაა. სოფლებში სამი-ოთხი ოჯახი ერთად აკეთებს საჭმელს და შეძლებისდაგვარად ინაწილებენ. ამ ყველაფრის ფონზე რთულია ადამიანმა სწავლაზე იფიქროს. დილით ყველას ერთი აზრი უტრიალებს თავში. რა იქნება დღეს მათი საკვები.

კაცს შეუძლია იქორწინოს 6ჯერ, არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანია თუ მუსლიმი. ცოლის ცემა აქ კულტურის შემადგენელი ნაწილია და ამას ქალები არ აპროტესტებენ. პირიქით როგორც აბრაჰამი მეუბნება „კაცების უმეტესობა ცოლს ცემს,  თუ არ სცემ ის ეჭვიანობას იწყებს, ეს ნიშნავს რომ ან საკმარისად არ გიყვარს ან საყვარელი გაიჩნე“.

ზანზიბარზე ყოფნის განმავლობაში ძალიან ბევრი მძიმე ისტორია მოვისმინე. ვნახე როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი, რომ განათლების მიღება აქ ძალიან რთულია და ადგილობრივებისთვის ძირითადი საფიქრელი ყოველდღიურად საკვების მოპოვებაა.

ესტა კაბულა. სასტუმროს ბუღალტერი.
 

ამ ყველაფრის მიუხედავად აფრიკამ მაინც შემახვედრა ადამიანს, ვინც თავის განსაკუთრებული ისტორია მომიყვა. ესტა კაბულა, ეს არის ქალი, რომელიც საოცარად მეომარი ადამიანი აღმოჩნდა და თავის მიზნებისთვის ბევრი იბრძოლა. მან მომიყვა რომ საშინელი გაჭირვებისა და შიმშილის მიუხედავად დადიოდა სკოლაში, შემდეგ ბედმა გაუღიმა და შეხვდა ერთ არაჩვეულებრივ კაცს, რომელსაც მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად გაყვა ცოლად. ქმარმა დაუფინანსა კოლეჯი, სადაც ისწავლა ბუღალტერია და დღეს ის წარმატებლი ქალბატონია. ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია და თავისი შვილები თანამედროვე შეხედულებების მიხედვით გაზარდა. „მთავარია მიზანი ქონდეს ადამიანს და ყველაფერი გამოვა“.

საქართველოში  უამრავი ემოცია მომაქვს და უფრო მეტი საფიქრელი. აქ ყოფნის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად შესაძლებელია გიხაროდეს ცხოვრება, რომ მიზანი და მისთვის ბრძოლა ყოველთვის მნიშნელოვანია. თავისუფალი არჩევანი და განათლება უფრო მეტად დავაფასე და ნათლად დავინახე მათი აუცილებლობა.



ზანზიბარელი კაცი. შემოსავლის ძიებაში.