ქვეყნის #მოვლა მობილური ინტერნეტით

7

აპრილი

ზანზიბარის მარგალიტი, ანუ სტოუნ-ტაუნი-მარი ნიკურაძე

ერთ დროს მონებითა და სუნებელით ვაჭრობის ჰაბი ზანზიბარი დღესდღეობით ტანზანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, სადაც თეთრქვიშიანი პლაჟებისა და გამჭვირვალე ცისფერი წყლით ტკბობის გარდა, ბევრი საინტერესო ისტორიული ადგილისა და უნიკალური კულტურის ნახვა შეიძლება.

სტოუნ-ტაუნი, იგივე მჯი-მკონგვე (ძველი ქალაქი სუაჰილიზე), ზანზიბარის ძველი ნაწილია დასავლეთ სანაპიროზე. ძველი ქალაქი, სადაც არაბულ-სპარსულ-ინდური და აღმოსავლეთ აფრიკული კულტურები შერწყმულია, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.

კენიიდან, და განსაკუთრებით სიცოცხლით სავსე ნაირობიდან, მომავალს ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი მაინც იმის ნახვაა, თავიდან ფეხებამდე ფერად, ხშირად შავ, ნაჭრებში გახვეული ქალები როგორ შედიან საბანაოდ წყალში მარტო ფეხებით და იმ მომენტში ძალიან ბედნიერები ჩანან. როგორც წესი, ჯგუფ-ჯგუფად არიან, ბავშვებთან ერთად. რაც მთავარია, პატარა გოგონებიც ჰიჯაბს ატარებენ. სურათებს უღებენ ერთმანეთს, კისკისებენ და ჩუმ-ჩუმად შენც გათვალიერებენ. უმეტესობა ფოტოს გადაღების წინააღმდეგია. შეიძლება, გეჩხუბონ კიდეც. მაგრამ კამერას თუ არ მიუშვერ, მშვიდობიან ‘გამარჯობას’ და ‘როგორ ხარ’-ს გახვედრებენ.

ბიჭებს მუსლიმური გრძელი თეთრი ტანსაცმელი აცვიათ და სხვადასხვა ორნამენტებიანი ფერადი ქუდები.

საპორტო ნაწილში, სადაც უამრავი ნავი და გემი დგას, მზის ჩასვლისას ათობით ბიჭი ფეხბურთს თამაშობს. რაც უფრო გვიანდება, ქუჩაში მეტი ხალხი გამოდის. ცენტრის მხარეს ნაპირთან ახლოს მოედანზე ხალხი დახლებს ამზადებს. ქუჩის საჭმელი იყიდება; ყველგან კვამლია და უჩვეულო კერძების სუნი ტრიალებს.

უამრავი ხალხია გარშემო. მათ შორის ე.წ გარე-მოვაჭრეები, მაგალითად ჩანთაგადაკიდებული ახალგაზდა ბიჭი ყელსახვევებს ყიდის. მოვა, პატარა პრეზენტაციას გააკეთებს, ამოალაგებს ჩანთიდან სხვადასხვაფერ ნაჭრებს, ფასს გეტყვის, ეგრევე დაგიკლებს და გიყურებს გაღიმებული - აბა, შეგაბა თუ არა? 

ვაჭრობა აფრიკულ ქვეყნებში, ისევე, როგორც ინდოეთსა თუ სხვა აზიურ ქვეყნებში, ოქროს წესია, კულტურის ნაწილია. დადიხარ სტოუნ-ტაუნის უვიწროეს ქუჩებში; ყველგან სუვენირების მაღაზიებია, ყველა თავისთან გიპატიჟებს, რადგანაც ‘ნახვა უფასოა’, თანაც სპეციალურად შენთვის ფასდაკლება აქვთ, ან სუპერ ფასები.

ათვალიერებ, ათვალიერებ და აღტაცება თუ გამოთქვი, ან ხელი დაავლე რამეს, შარში გაყოფ თავს, თუ ჩემნაირად მორიდებული ხარ და უარის თქმა გიჭირს.

გამყიდველი მოვა აუცილებლად კალმით და რაიმე გაზეთის ნაგლეჯით ხელში და დაგიწერს თავის ფასს და გიყურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმან იქ სამჯერ და ოთხჯერ მეტი ფასი დაგიწერა, ვიდრე ეს ნივთი რეალურად ღირს. შენ შენი ფასი უნდა დაუწერო. მერე ის გეტყვის, რომ ბავშვები ჰყავს სარჩენი ან ბებია უკვდება და ასე ნახევარი საათი დგახართ და ვაჭრობთ. წარმატებულ შემთხვევაში ნივთს სამჯერ და ოთხჯერ იაფად ყიდულობ. ჩემ შემთხვევაში ან ერთ-ნახევარჯერ ან საერთოდაც გამოდიხარ გარეთ და აღარაფერსაც აღარ ყიდულობ.

გარეთ უამრავი ტურისტი დადის ადგილობრივებთან შედარებით თითქმის შიშველი და კამერებით შეიარაღებული. აუცილებლად სადღაც ვიღაც ყვირის - ‘ნო ფოტო, ნო ფოტო!’

ალბათ ყველაზე დიდი გავლენა მაინც არაბული სამყაროსგან აქვს პალმების, მანგოსა და ბანანის ხეებში ჩაფლულ ზანზიბარს, რომელსაც ნახევრად-ავტონომიური სტატუსი აქვს შენარჩუნებული.

სწორედ აქ, ზანზიბარზე, სტოუნ-ტაუნში, დაიბადა, ჩემთვის და ბევრისთვის ძალიან ძვირფასი Queen-ის ფრონტმენი, ფრედი მერკური - ზანზიბარის ‘საამაყო შვილი’. თუმცა ყოველთვის არის რაღაც მუსლიმთა ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს მერკურის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებებს.

მაგალითად, 2010 წელს, როცა ასეთი ჯგუფი მერკურის 60 წლისთავის აღნიშვნის წინააღმდეგი იყო,  BBC წერდა, რომ მათი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მერკურის ცხოვრების სტილი ისლამურ წესებს ეწინააღმდებოდა.

Figure 1 მერკურის სახლი
 

არ ვიცი, რამდენი ამაყობს, რომ მერკური სწორედ აქ დაიბადა, თუმცა თვითონ ქალაქში ამაზე ბევრი არაფერი მიუთითებს. არსებობს ადგილი, რომელსაც აწერია ‘მერკურის სახლი’, სადაც შესვლა არ შეიძლება. უბრალოდ კარია და ორივე მხარეს მომღერლის ფოტოებია გამოკრული. რაც მთავარია, ბევრი ადგილობრივი ამბობს, რომ ეს სახლი საერთოდაც არ არის ის, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა.

სუვენირების მაღაზიებში ერთი-ორი მერკურის მაგნიტი თუ შეგხვდება და ბოლოს, არსებობს მერკურის რესტორანი, სულ ეს არის. ბოლოს და ბოლოს თავისი ცხოვრების ძალიან პატარა ნაწილი გაატარა ზანზიბარზე და ზოგისთვის არც არაფერს ნიშნავს. ჩაივლი, ფოტოს გადაიღებ და იქვე ვიღაც მასაი სუვენირების მაღაზიაში მიგიპატიჟებს. შენც შეხვალ, ფრედი მერკურიან მაგნიტს იყიდი და გააგრძელებ გზას.