ქვეყნის #მოვლა მობილური ინტერნეტით

7

აპრილი

აღმოსავლეთ აფრიკიდან დმანისამდე-ელენე ჩხეიძე



გუშინ „ტურკანას ბიჭს“  შევხვდი. ძალიან შთამბეჭდავი იყო. ის დაახლოებით 1.6 მილიონი წლის წინ გარდაიცვალა. სავარაუდოდ, 12 წლის ასაკში. ნაირობის ეროვნულ მუზეუმში ინახავენ და Homo erectus (წელში გამართული ადამიანი) ნაშთებს შორის ყველაზე ძველი და სრულია.


ტურკანას ბიჭი. ნაირობის ეროვნული მუზეუმი.  ფოტო: Mike Peel (www.mikepeel.net)
 

სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას ყოველთვის დავდივარ მუზეუმებში. ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თვალსაწიერის გასაფართოებლად. ნაირობის მუზეუმი ჩემთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა, რადგან დროში მოგზაურობასთან ერთად, დმანისამდეც მიმიყვანა.

Homo erectus ჰომინიდია - თანამედროვე ადამიანის წინაპარი, Homo Sapiens (გონიერმა ადამიანმა) კი სავარაუდოდ ორასი ათასი წლის წინ დატოვა აფრიკა. მისი უძველესი ნაშთები ეთიოპიაშია ნაპოვნი.

აფრიკა თანამედროვე ადამიანისა და მისი წინაპარების სამშობლოა. უძველესი ჩონჩხი სწორედ აქ არის აღმოჩენილი და ადგილბრივები ამით ამაყობენ. ნაირობის ეროვნულ მუზეუმში დიდი დარბაზი სწორედ ამ თემას ეთმობა და იქ გამოფენილია ადამიანის წინაპართა ნაშთები. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, როდესაც დავინახე რუკაზე აღნიშნული დმანისი. ჩვენს გიდს ვკითხე დმანისზე და მან მიპასუხა:

„ერთ-ერთი ყველაზე ძველი Homo erectus-ის ნაშთები სწორედ იქ არის ნაპოვნი და ძალიან საინტერესო ადგილია“, ჰოდა მეც მოუთმენლად წამოვიძახე, რომ საქართველოდან ვარ და დმანისშიც ვარ ნამყოფი. თვალებზე და ღიმილზე შევატყვე გაუხარდა, რამდენიმე შეკითხვა დამისვა და ბოლოს მითხრა „საქართველოზე ბევრი მსმენია და მიხარია, რომ გაგიცანითო“.

ნაირობის ეროვნულ მუზეუმში, მსოფლიო რუკაზე აღნიშნული დმანისი.
 

ნაირობის ეროვნულ მუზეუმში როგორც ადამიანის ასევე ცხოველების წინაპართა ნაშთებსაც ინახავენ. გაკვირვებული ვუყურებდი ჟირაფისა და აფრიკული კამეჩის წინაპართა ჩონჩხებს. ისინი იმდენად განსხვავდებიან დღევანდელი, ჩვენთვის ცნობილი ჟირაფისა და კამეჩისაგან, რომ საერთოდ ვერ ვიცნობდი ჩვენი გამცილებელი, რომ არ დამხმარებოდა. იმ წუთას ვიფიქრე, რომ მართალია, დრო ყველაფერს ცვლის, ყველაფერს ერგება ცოცხალი არსება და გარემოსთან ადაპტირებას ცდილობს. ასე ვართ ადამიანებიც. არამხოლოდ ჩვენი აღნაგობა, არამედ იცვლება ჩვენი ქცევები, დამოკიდებულებები, ინტერესები და ეს ყველაფერი ბუნებრივი მოვლენაა.

საქართველოსა და აფრიკას შორის საერთო ბევრი რამ აღმოვაჩინე. ჩემთვის პარალელების გავლენა ყოველთვის საინტერესო იყო და მას შემდეგ რაც აფრიკაში ჩამოვედი ვცდილობ ყველაფერს დავაკვირდე და უფრო ღრმად შევისწავლო ვიდრე ამას ჩვეულებრივი ტურისტი იზამდა. როგორც დღეს აფრიკაში, ისე საქართველოში ადრე ცხოვრობდნენ მარტორქები, ჟირაფები, ვეფხვები, სირაქლემები და სპილოებიც კი. სწორედ აფრიკიდან გამოვიდა პირველი ადამიანი, ზეზვასა და მზიას წინაპარი, ანუ Homo erectus (წელში გამართული ადამიანი) და 2 მილიონი წლის წინ აღმოსავლეთ აფრიკიდან ჩვენსკენ გამოემართა. დასახლდნენ დღევანდელ დმანისში და როგორც მეცნიერი მილფოლდ ვოლპუფი ამბობდა, „საქართველო და აღმოსავლეთ აფრიკა ადამიანური ცივილიზაციის აკვანია.“.

დმანისი ის ადგილია სადაც ყველაზე ძველი ჰომო ცხოვრობდა აფრიკის გარეთ. ბევრი საერთო აღმოვაჩინე საქართველოსა და აღმოსავლეთ აფრიკის  შორის. აქაც ძალიან უყვართ ისტორიასა და კულტურაზე ლაპარაკი,დიდი სიამოვნებით გიყვებიან წინაპრებზე, ომებზე და ტრადიციებზე. კენიაშ ხალხი ამაყობს იმ ისტორიით რომელსაც მათი მიწა ინახავს. კოლონიზაციის დროინდელი ფოტოები ბევრი შემხვდა მუზეუმში. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვნახე კედელი, სადაც კენიის მოღალატეების სურათები აქვთ გამოფენილი. „რატომ კიდია მათი ფოტოები მუზეუმში?“ ვეკითხები გიდს, ის კი არც იბნევა ისე მპასუხობს „ყველას უნდა გვახსოვდეს და ვგმობდეთ ჩვენს მოღალატეებს, სხვანაირად ისევ აღმოცენდებიან“.

მუზეუმში შესვლამდე National Geographic-ის რედაქტორი, ლევანი ბუთხუზი მეუბნება, „აფრიკა თითქოს ჩემი ბიოლოგიური სახლია და აქაურობა მუდამ მეძახის“. ეს სიტყვები  მთელი დღის განმავლობაში თან მსდევდა.  მუზეუმიდან, რომ გამოვედი მივხვდი რომ აფრიკაში კიდევ ბევრჯერ დავბრუნდები. აქ ყველა კუთხე ახალ ისტორიას ყვება, ჩემთვის კი ეს იმაზე საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი.



ნაირობის ეროვნულ მუზეუმში, ჟირაფის წინაპრის ჩონჩხი.