ქვეყნის #მოვლა მობილური ინტერნეტით

6

მარტი

თამუნა ბაღაშვილი - ველური სამეზობლო

 

“აქ 4 დღის წინ სპილომ ჩაიარა” - მხიარულად მომიგო ჩემი ბუნგალოს შესასვლელში კენიელმა მასპინძელმა... განმეორებით გავაპარე ფრთხილი მზერა დამტვრეული ხეებისა და გამონგრეული ელექტრო-ღობისაკენ და ღრმა ჩასუნთქვის თანხლებით გავაგორე ბარგი. ვიცოდი რომ აფრიკაში ველურ ბუნებასთან გასაცნობად მოვდიოდი, მაგრამ მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ შესაძლოა ის თითონ მოვიდეს შენს გასაცნობად, თანაც კარზე კაკუნის გარეშე…   

 

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ევროპულ კოლონიზაციამდე აფრიკაში სპილოების პოპულაცია დაახლოებით 20 მილიონ ინდივიდს შეადგენდა. 1979 წლისათვის მათი რიცხვი 1,3 მილიონამდე დავიდა. გარემოს დაცვითი  ორგანიზაციების ძალისხმევით სპილოების ყველაზე დიდი საყოველთაო აღრიცხვა ჩატარდა - Great Elephant Census. როგორც აღმოჩნდა, 2007-2014 წლებს შორის სპილოთა რაოდენობა 30%-ით დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 144,000 სპილო მისი საცხოვრებელი გარემოს განადგურებისა და ბრაკონიერების მსხვერპლი გახდა. 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, აფრიკის სავანაში ამჟამად დაახლოებით 300 000 სპილო ბინადრობს.

 

მასაი მარას ეროვნული პარკის სავანაში 4x4 მანქანით მივბრაგვანობთ. 

 

მიჭირს გავარჩიო რისგან ვცახცახებ - დალეწილი გზისაგან, თუ საკუთარი აღელვებული გულისცემისაგან. ვიცი წინ რაღაც გრანდიოზული გველის - ლირიული და პირდაპირი მნიშვნელობითაც. მოლოდინმა არ დააყოვნა - დათოვლილი კილიმანჯაროს ფონზე რუხი ლანდების კოლონა გამოჩნდა. მანქანით მისვლა მოვახერხეთ და მათგან უშუალო სიახლოვეში გავჩერდით. გრძელი და უხვი წამწამები ფაცხის სახურავის ფოჩებივით ფარავს დიდრონ თვალებს. ყურები ჰაერში მობიბინე დროშასავით იშლება და იკეცება. თითოეული ზრდასრული ინდივიდი დაახლოებით 5,5 ტონამდე იწონის, მისი დარბაისლური მოძრაობა მეფის მსვლელობას ჰგავს...

გამარჯობა, ეს აფრიკული სპილოა.

 

ამ დღეს გაგვიმართლა და სპილოების ორი ჯოგის გადაადგილებას ვადევნეთ თვალყური. მიუხედავად ადამიანების სიახლოვისა, ცხოველები მშვიდად გრძნობდნენ თავს და დინჯად მიუყვებოდნენ თავის მარშრუტს. კენიაში ყველა სახის ნადირობა ჯერ კიდევ 1977 წელს აიკრძალა. ამ ქვეყანაში დიდსაც და პატარასაც კარგად აქვს გააზრებული სპილოს, და ზოგადად ველური სამყაროს მნიშვნელობა იმ ეკოსისტემისათვის, რომლის მომხმარებლები თავად არიან. შესაბამისად, კენიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულ ტერიტორიებად აქციეს და დღეს საძოვრები, საცხოვრებელი და ველური სამყაროს არეალები მკაფიოდაა გამოყოფილი ერთმანეთისაგან. თუმცა ადამიანებსა და ცხოველებს შორის ჰარმონიის დაცვა ადვილი არ არის. ბრაკონიერები ყოველწლიურად დაახლოებით 27,000 სპილოს ხოცავენ, რადგან მისი ძვალი, რომელიც რეალურად სპილოს ეშვია, შავ ბაზარზე დიდად ფასობს. ზარალი ადამიანებსაც ადგებათ - დეფიციტის დროს სპილო შესაძლოა ნათესებში შეიჭრას საკვების საშოვნელად, რასაც ხშირად მსხვერპლიც მოჰყვება ხოლმე.


“ნადირის გასაფრთხილებლად ელექტრო-ღობეები გაჰყავთ. დაბალი დენი ცხოველს ზიანს არ აყენებს, სპილოს ფაქიზი სმენა კი ზუზუნს იჭერს და შემოღობილ ტერიტორიას ერიდება” - ანთებული მიყვება ირაკლი.  “ანტილოპა გნუს შემაწუხებელ ხმაურს კი სპილო მთაზე ასვლით გაურბის” - ამატებს ბეჟანი, რომელიც ჩვენს პროექტს თავისი ენთუზიაზნით, იუმორით და სახსრებით დაემგზავრა. სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის - “ნაკრესის” ბიოლოგებმა ზედმიწევნით იციან ბიომრავაფეროვების მნიშვნელობა და მისი შენარჩუნების მექანიზმები.  მათგან ასევე გავიგე, რომ სპილოები სავანის მძერწავები არიან. გადაადგილებისა და საკვების მოპოვების პროცესში ისინი დიდ ხეებს აქცევენ, ეკლიან ბუჩქნარში კვალავენ გზას და მშრალი მდინარის კალაპოტში წლის ამოსახვრეპად ხვრელებს აკეთებენ. შედეგად, საცხოვრებლად და საძოვრად მეგობრულ გარემოს ქმნიან სხვა ცხოველებისათვისაც. შესაბამისად, შეკითხვაზე “რა სარგებლობა მოაქვს... სპილოს”,  ფილმ იმერული ესკიზების ლეგენდარულად სხარტი და იუმორისტული პასუხით (“რა სარგებლობა მოაქვს მამალს?..) ვერ შემოვიფარგლებით.

 

აფრიკა დიადი ხუთეულით არის ცნობილი - ლომი, მარტორქა, ლეოპარდი, აფრიკული კამეჩი და სპილო. ესთეტურ მხარესა და გემოვნებაზე ბევრი შეიძლება ვიდაოთ, თუმცა სპილოების მნიშვნელობა ეკოსისტემის განვითარებისათვის უდაოა. კენიაში ეს კარგად აქვთ გააზრებული, აქ ზღვარი ცხოველისა და ადამიანის კეთილდღეობას შორის თითქმის წაშლილია.

 

დილას გადაღებული დინჯი სპილოების ჯოგის ფოტოებს ვათვალიერებ. ვცდილობ დავიჯერო, რომ ნამდვილად იმ არსების თანამოძმე ვიხილე, რომელმაც 4 დღის წინ ელექტრო-ღობე გამოამტვრია ჩემს საცხოვრებელ ფაცხასთან. დისნეის მულტფილმი დამბო გადამხსენდა, პატარა კეთილ სპილოზე ცირკიდან, რომელიც უშველებელი ყურებით დაიბადა და ფრენა ისწავლა... ის, ვინც ჩემს ფაცხასთან გაიჯლიგინა აშკარად არ იყო პატარა, და ალბათ არც დამბო ერქვა. მაგრამ ზუსტად ვიცი, ამ ველურ სამეზობლოს კიდევ ბევრჯერ მინდა ვესტუმრო.