ქვეყნის #მოვლა მობილური ინტერნეტით

28

თებერვალი

მოვლა კენიაში ბავშვებთან ერთად

ამბოსელის ნაკრძალიდან ტბა ნაივაშასკენ მივდიოდით, როცა ჩვენ მანქანას რაღაც პრობლემა შეექმნა. შუა გზაზე გავჩერდით. ჩვენი მძღოლი საიმონი მანქანაში ჩაძვრა, ჩვენ მიმოვიფანტეთ - ხან მანგო ვიყიდეთ, ხან კენიურ ტუკ-ტუკს გადავუღეთ ფოტოები. ბოლოს ისევ მანქანას მივუბრუნდით, რომელიც ბენზინის სადგურთან გავაჩერეთ.

სადგურის უკან დიდი თეთრი კედელია; კედლის უკან სახლები და ქოხები. უცებ თეთრი კედლის უკნიდან ხოტორა ბავშვმა ამოყო თავი და თვალიერება დაგვიყწო. ხელი დაგვიქნია, დავუქნიეთ. წამში სამნი გახდნენ, მერე - ხუთნი; მერე პირველმა სულ პატარა ბავშვი ამოიყვანა და შორიდან დაგვანახა; უკან კიდევ უფროსი გოგო ამოუდგათ, რომელმაც საერთოდ ცეკვა დაიწყო.

ზოგს სურათის გადაღება უნდოდა, ზოგი - პირიქით, იმალებოდა. მერე ისევ ხოტორა დარჩა, ქაღალდის თვითმფრინავით თამაშობდა, იქნებ მეტი ფოტო გადამიღონო. ეს თვითმფრინავი კედლის აქეთ გადმოუვარდა, გადავუფრინეთ უკან. 40 წუთს მაინც ვიდექით იქ, სანამ მანქანა გაკეთდებოდა; ჟრიამული, ცეკვა და თამაში კი არ შეწყვეტილა.

 

 

ჩვენი ტურის მეოთხე დღეს მასაი მარას გზაზე ისევ გავჩერდით ცოტა ხანს. ლამაზი ქვების დევნა-შეგროვება დავიწყეთ. გარშემო ბუჩქები და ქვები იყო მხოლოდ. მანქანისკენ რომ მოვბრუნდით, არსაიდან გაჩნდა სამი ბავშვი. უბრალოდ მოვიდნენ, რომ ენახათ, ვინ ვიყავით და საერთოდ რა გვინდოდა იქ.

ცოტა ხანს ვარკვიეთ, ვინ რამდენი წლის იყო, რამდენი და-ძმანი იყვნენ, სად ცხოვრობდნენ, ოღონდ ქვიშაზე წერით და ხელ-ფეხის ქნევით. ყველაფერი აინტერესებდათ - ფოტო აპარატი თუ საყურე. მერე ისევ არსაიდან მათი და-ძმები გამოჩნდნენ და ბოლოს უზარმაზარი სურათი გადავიღეთ ყველამ ერთად.

უკვე მასაი მარას პარკიდან გამოსვლისას, როცა საიმონი 10 წუთით ისევ მანქანაში ჩაძვრა, ცხვარმა ჩაგვიარა. უკან ორი პატარა ბავშვი მოუყვებოდა ცხვარს ჯოხებით ხელში.

პილოტი მინდა გამოვიდეო, 12 წლის დევიდმა გვითხრა. სკოლაც მიყვარს და სწავლაცო, თუმცა, ფრენაზე რომ ველაპარაკეთ, გაოცებულმა იკითხა, გამოდის, რომ კენიის დატოვება შემიძლიაო?

მერე გადაწყვიტა, რომ სახლის დატოვება დიდად არ უნდა, სახლიც უყვარს და სოფელიც.

სახლი კი ორი სოფლის მოშორებით იყო იმ ადგილიდან, სადაც შევხვდით. ამ ლაპარაკში ვიყავით გართული, როცა მისი პატარა ძმა მოვიდა ჩვენთან.

 

 

  Sweets?  - დაგვიძახა და თავისი ორი უშველებელი თეთრი კბილი გამოაჩინა. არ გვქონდა.

აღარც ფორთოხლები და ბანანები გვქონდა, რადგან ისინი იმ ბავშვებს მივეცით, რომლებთან ერთადაც უზარმაზარი ფოტო გადავიღეთ მასაი მარას გზაზე და ვერც ის მაფინები გვექნებოდა, წინა დღით ამბოსელის სასტუმროდან რომ წამოვიღეთ, რადგან ისინი ბენზინ გასამართი სადგურის უკან მცხოვრებ ბავშვებს მივეცით.

ერთადერთი, რაც გვქონდა, იყო წყალი, რომელიც დევიდს გავუწოდეთ. გამოგვართვა, დიდი კბილები იმანაც დაკრიჭა და გულსაკიდის მოხსნა დაიწყო, რახან ეს მაჩუქეთ, რამე უნდა გაჩუქოთო. ძლივს დავაჯერეთ, რომ საჩუქარი იყო და არა გაცვლა.

მისმა პატარა ძმამ ბოლოს კალამი გვთხოვა, იქნებ გქონდეთო. მოვუძებნეთ, მივეცით და ისე გაუხარდა, თითქოს ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაში შესასვლელი ბილეთი მივეცით. ალბათ ძნელია, დაგავიწყდეს ამ ბავშვების სახეები, რომლებიც უზომოდ პაწაწუნა რაღაცებით საოცრად ხარობენ. ხტუნაობენ, იცინიან და ხელს გვიქნევენ ციმციმა თვალებით.

 

 

ერთი მარტივი რამ, რასაც კენიაში ჩამოსვლისთანავე მივხვდი, არის ის, რომ, როგორც ტურისტს, დროებითი ‘პროფესია მაქვს’ - ვუქნევ ხელს ყველას და განსაკუთრებით ბავშვებს; თუ მანქანით მოგზაურობ და ქალაქს გაცდები, ყველა საქმეს უნდა შეეშვა და ფანჯარაში იყურო, რადგანაც ე.წ ტურისტულ მანქანებს აქ ყველა ცნობს. ხოდა, როცა ასეთი მანქანა გზაზე ჩაივლის, ხელს გიქნევენ და ბავშვები ყველაზე მონდომებულები არიან, სიცილს ვერ იკავებენ, ხტუნავენ, იკრიჭებიან. მე კიდევ მთელი გზა ვცდილობ, არ ჩამეძინოს, რომ რომელიღაც ნაწყენი არ დარჩეს, მანქანიდან ხელი თუ არ დაუქნიეს.

ყველაფერი ეს ჩემთვის ერთი რამის დასტურია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად, როგორ და რა პირობებში ცხოვრობენ - ბავშვები აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვამენ სამყაროს; მათთვის არაფერი შეიძლება, ყველაფერი იყოს და ის, რაც ჩვენთვის ყველაფერია - არაფერი.

ამ დროს კი 12 წლის დევიდი მასაი მარადან დაგვპირდა, რომ სკოლაში კარგად ისწავლის და მაინც პილოტი გამოვა, იქნებ ერთ დღეს ჩამოგვაკითხოს კიდეც.