ქვეყნის #მოვლა მობილური ინტერნეტით

22

თებერვალი

სავანის ფერები - თამუნა ბაღაშვილი

დაახლოებით 12 საათი გზაში, 4 აეროპორტი და 5622 გავლილი, უფრო სწორედ გადაფრენილი კილომეტრი. მესაზღვრეს შუა გზიდანვე ვესვრი პასპორტს და მოუსვენარი მზერით ვეძებ გასასვლელს, მოლოდინი და ადრენალინი სისხლში ერთმანეთს შეეთამაშნენ, ფოიეს სივრცეს ფაქტიურად იატაკზე ფეხის დადგმის გარეშე ვფარავ...

მოლოდინი - სადაცაა 365 დღიან ზაფხულში შევაბიჯებ!

რეალობა - “დუტის” და ტყავის ქურთუკები, ქუდები და ზამთრის შარფები!...

მოტოციკლზე ამხედრებული ბაიკერები ნაირობის 25 გრადუსიან სიცხეში თითქოს მედ-მაქსის ფილმის - დედამიწის პოსტ-აპოკალიფსის გადაღებებიდან გადმოანაცვლეს! ბილეთის მიხედვით აფრიკაში ვარ, ოღონდ რომელ დროსა და სივრცეში?

“აქაურებისათვის ჯერ ცოტა გრილა”, ამიხსნა ჩემმა კენიელმა, ელექტრონივით მუდამ ენერგიით სავსე მასპინძელმა ზიპიმ, რომელსაც თავად მაისური ეცვა. მოგვიანებით მივხვდი რომ ამგვარი კონტრასტული ჩაცმულობა შიზოფრენიის ნიშანი როდია. მოტოციკლეტი აქ გადაადგილების პოპულარული საშუალებაა, მგზავრობისას სახეში მოქიქინე თებერვლის ნიავი და გრილი აისები და დაისები ხსნის ტანისამოსის სეზონურობის უცნაურ ასორტიმენტს.

 

ხომ გახსოვთ ქართული მულტფილმის შაქრო და ზაქროს გმირის ლეგენდარული გაკეკლუცება თვალებციმციმა მანქანასთან - “პა პა პოო”... ზუსტად ამგვარ სცენას მოვესწარი ნაირობიში. დედაქალაქში, რომელსაც მეტრო არ აქვს, გადაადგილების ყველაზე პოპულარული საშუალება კვასკვასა გრაფიტებით გაფორმებული მომცრო ზომის ავტობუსებია, კარში გადმოკიდებული კენიელებით და მოგუგუნე პოპ-ჰიტებით. ყველა ავტობუსი კარგად ჩამოყალიბებული ინდივიდია, თავისი ფერები და ხასიათი აქვს.

ქალაქს ვტოვებთ, ბუნებას ნელ-ნელა ვუახლოვდებით და ფერებიც უფრო ინტენსიური და მოუსვენარი ხდება... აფრიკული სავანის მიწის კაშკაშა ყვითელ ფერებს, ევკალიპტების მწვანეს და ცის ლაჟვარდს, ადგილობრივების მხიარული ჩაცმულობა ეხმიანება. მათი კომბინაცია მიწაზე არეკლილ ცისარტყელას ჰგავს. ვრცელ ტრამალებზე, რომელსაც უხსოვარი დროიდან მწყემსები, ნახირი და ველური ცხოველები თანაბრად იზიარებდნენ, მნიშვნელოვანია ბუჩქისაგან გარჩევადი იყო, რადგან აქ სცენარი მუდამ სხვადასხვაგვარად ვითარდება. თუკი არ გაგიმართლა და საქონელს მტაცებელი წაგათრევს, ხასხასა ფერები ადამიანების პოვნას უფრო აადვილებს.

მასაის ტომში წითელი ფერი სისხლის სიმბოლოა, წმინდად მიიჩნევენ და სჯერათ რომ ის მხეცებს აფრთხობს. “მასაი შუკა” - ტრადიციული მასაური მოსასხამიც სწორედ წითელი და შავი კუბოკრულით არის გაწყობილი. თუმცა გარკვეულმა ფერებმა ინდოელებთან და ბრიტანელ აღმომჩენებთან ურთიერთობის შედეგად დაიმკვიდრეს თავი. როდესაც მოვითხოვე - კიდევ უფრო ძველ და ტრადიციული ჩაცმის სტილს მაზიარეთმეთქი, მძივებით გაწყობილი ქამარი გამომიწოდეს - ჩვენს წინაპრებს ეს ეცვათო… და რადგან დედიშობილა დგომის პერსპექტივამ დიდად ვერ მომხიბლა, შუკაში სიამოვნებით გავეხვიე და წითელის გავლენით თავი რამოდენიმე წამით მეც მასაიდ ვიგრძენი.

ერთი შეხედვით აბსოლუტურად შეუფერებელი და უგემოვნო ფერების ოსტატურად შეხამება, ვფიქრობ კენიელების თანდაყოლილი უნარია. აქ პარიზის მაღალი მოდის დოგმები და აკრძალვები ყოველგვარ აზრს კარგავს. ადგილობრივი ქალების შავ კანს წითელი მოსასხამი, ყვითელი ქვედაბოლო და ჭრელი ორნამენტებით გაწყობილი მოკლემკლავიანი პერანგი ისე შვენის, თითქოს ეს ფერები და ადამიანები ერთად დაიბადნენ. ამ საუცხოო და ფერად შესახედაობას სამკაულების რიგი ასრულებს. ფანტაზია აქაც არწივის სიმაღლეზეა - მაღალ და ტანად კენიურ სხეულზე მოკაზმული მძივების, ჟღარუნების, მასიური ფერადი საყურეების და მაჯამდე ასხმული სამაჯურების თვალიერება უსასრულოდ შეიძლება. ზოგიერთი სამკაული მხოლოდ დეკორატიული ფუნქციისაა, თუმცა ზოგიერთს კულტურული დატვირთვა და ტრადიცია სდევს თან.

 

“ეს ყელსაბამი ჩემი იღბალია” - იღიმის სამი, ადგილობრივი მასაი და თავმომწონედ იღერებს ფერადი და ჟღარუნა მძივებით შემკულ ყელს.

 

ძველად, სამკაულები ბუნების ძღვენისაგან მზადდებოდა. მცენარებისაგან მიღებული ფერებით მარცვლებს ღებავდნენ, დილამდე აშრობდნენ და შემდეგ სხვადასხვა ორნამენტებად კინძავდნენ. “აფრიკელებს ფერები მოსწონთ”, მაისის მზესავით თბილი ღიმილით მითხრა საიმონმა, რომელიც 14 წელია კენიის სხვადასხვა კუთხეში დაიარება და ბევრი იცის სოფლების და ტომების ჭირსა თუ ლხინზე. მისგან შევიტყვე, რომ რიკიკუიუს ტომში ძროხის ტყავით იმოსებოდნენ, მეომრებს კი ბონუსად თავისივე მონადირებული მხეცის ტყავი, კბილების ან კლანჭების სამკაული ამშვენებდათ. მოდას ჰიპოპოტამის, მაიმუნის ან ბაბუინის კანისაგან შექმნილი “კოლექციები” აზავებდა.

 

კანზე ჩაბეჭდილი ტატუ აფრიკული ფერადოვნების კიდევ ერთი ნაირსახეობაა. ზოგიერთ სოფელში სახეზე ცხელი ნემსით წერტილურ დაღებს ისვამენ და მცენარეებისაგან დამზადებული ნელსაცხემბლით იფორმებენ. ანთებითი პროცესის  მოშუშების შემდეგ კი სამუდამო ორნამენტი რჩება. ასეთი ტიპის იარები აქ სილამაზისა და ორიგინალურობის გამომსახველია, ისევე როგორც სხვადასხვა ტომის მიკუთვნების ნიშანი. ეს ტრადიცია ზოგიერთ ტომში დღემდე ცოცხლობს და აფორმებს ადგილობრივების წაბლისფერ კანს.

 

ორნამენტების ნაირსახეობას კენიაში მცხოვრები 42 სხვასახვა ტომი განაპირობებს, თუმცა ბევრ მათგანში ნომადიზმი ნელნელა მივიწყებას ეძლევა და აბორიგენულ ტრადიციებს ნაკლები ადამიანი მისდევს. ახალგაზრდობა განათლებას მოწყურებულია და საკმაოდ პრო-მოდერნისტულად არის განწყობილი...

 

პოსტ-აპოკალიფსურ მოდაზე ჩაცმული ბაიკერების რაზმს ვუცქერ და მათ მხიარულ სუაჰილურ რეპლიკებს ვუსმენ: “ჰაკუნა მატატა” - პრობლემა არ არის... შესაძლოა ეკონომიკური ინდიკატორით ეს ქვეყანა წინმსწრები არაა, მაგრამ ორი შესაშური რამ რაც კენიელებს უდავოდ აქვთ - კეთილგანწყობა და ხასხასა ფერებია!